თქვენ გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია გამამართლებს - მელია მოსამართლეს

13.04.21 15:00
თქვენ გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია გამამართლებს -  მელია მოსამართლეს

თქვენ გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია გამამართლებს - ამ სიტყვებით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ,  ნიკა მელიამ, მოსამართლეს.

მისი თქმით,  პატიმრობა არა მისი არჩევანი, არამედ ხელისუფლებისა და სასამართლოს თვითმიზანია. 

ეს ბატონი საუბრობს, რომ ჩემი თვითმიზანი ყოფილა თურმე პატიმრობა. რატომ გგონიათ, ჩემი თვითმიზანი ეს რატომ უნდა იყოს? ბევრად ეფექტური ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად ციხის გარეთ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში... რატომ უნდა მსიამოვნებდეს პატარა საკანში გამოკეტვა და 24 საათი სათვალთვალო კამერების მეთვალყურეობით ცხოვრება? რატომ არ უნდა მინდოდეს ოჯახთან, მეგობრებთან, ბავშვთან ურთიერთობა? როგორ შეიძლება, ეს ნორმალური ადამიანის თვითმიზანი იყოს? - თქვა მელიამ. 

,,ენმ"-ს თავმჯდომარემ სასამართლო დარბაზში მოსამართლეს სიტყვით მიმართა და პროცესის მალე დასრულებისაკენ მოუწოდა.  ოპოზიციის ლიდერმა პროკურატურა ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა: 

რბილად რომ ვთქვათ, იტყუებით, როცა ამბობთ, რომ თქვენი თვითმიზანი არაა, რომ პატიმრობაში ვიყო. თქვენ არავინ დაგაბრალოთ პროკურორობა, ეს ბატონი, კობახიძეები და ბიძინა ივანიშვილები საუბრობენ, რომ მათი თვითმიზანი არაა ჩემი პატიმრობა. ეს ბატონი 2 წელია, ჩემ პატიმრობაზე საუბრობს.

პარლამენტში დილის 8 საათზე რომ გამოცხადდით, ჩემი პატიმრობა არ მოითხოვეთ? "ოცნების" 5 თავმოყვარე დეპუტატი აღმოჩნდა, რომელმაც უკანონობას „მწვანე შუქი“ არ აუნთო. გავრილოვი რომ ჩასვეს იქ, სადაც არ უნდა ჩაესვათ, ბიძინა ივანიშვილი ფერდაკარგული გამოვიდა და თქვა, ვთმობ პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ ვიღაცებს დავიჭერო. გამოიყვანეს ბატონი ამირან გულუაშვილი და ბრიფინგი ჩაატარებინეს, სახელმწიფო გადატრიალებას მედავებიან, კამერები თვითონ წაშალეს. როცა ივანიშვილმა პროპორციული არჩევნები დათმო, უკანონო სამაჯური მივიღე- განაცხადა ნიკა მალიამ. 

მისი თქმით, სახელმწიფო გადატრიალებას ედავებიან ისე, რომ არცერთი მოწმე დაკითხული არ არის. 

არაფერი ისე არ მაძლიერებს როგორც ის, რომ თქვენ ხართ ჩემი მოწინააღმდეგეები. თქვენ ძალადობთ ჩემზე კი არა, ქვეყნის უდიდეს ნაწილზე, იმას ვერ ითვალისწინებთ, რომ თქვენი ძალადობა კანონის სახელით ვერ აღემატება ჩემს ღირსებას და ვერ გამტეხავთ- დასძინა მან. 

ნიკა მელიას ემოციურ სიტყვას დარბაზში ტაში მოჰყვა.