მმართველი გუნდი პროცესებს გარედან უყურებს - "ოცნება" მელიას პატიმრობაზე
ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას, პატიმრობაში დატოვებას "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან. დეპუტატი გივი მიქანაძე ირწმუნება, რომ მმართველი პარტია სასამართლო პროცესებს გარედან აკვირდება და მოსამართლის გადაწყვეტილებასთან შემხებლობა არ აქვს.
მართველი გუნდი პროცესებს გარედან აკვირდება - თქვა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება "ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებს" სადაც კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი პრინციპია.
პატივს ვცემთ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლო სამართლიანობისა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპით იხილავს. სასამართლო მხარეების მიერ წარდგენილი შესაბამისი არგუმენტებისა და ფაქტების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. საკითხი, რომელიც სასამართლომ განიხილა, მისი პრეროგატივაა. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელიც არაფრით განსხვავდება სხვა ბრალდებულებისგან. ამ პროცესს მმართველი გუნდი გარედან უყურებს. იმ რისკებიდან და კანონისადმი დაუმორჩილებლობიდან გამომდინარე, რასაც ამ ადამიანის მხრიდან ჰქონდა ადგილი, ალბათ, ეს არის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მოტივატორი"- თქვა პარლამენტარმა.
გივი მიქანაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან ოპოზიცია ვაჭრობს და არა პირიქით.
თუ ვაჭრობაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში საკითხით ნიკა მელია და ოპოზიცია ვაჭრობს. საკნიდან გამოსვლის გასაღები მის ხელშია, მაგრამ ამას საზოგადოებაში გარკვეული დაძაბულობის შენარჩუნებისთვის იყენებს. კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.