ტყუილია, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება - რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრი მედიის წინააღმდეგ - რატი ბრეგაძე ირწმუნება, რომ ჟურნალისტები ტყუილს ავრცელებენ, როცა ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაადგილდება.
როგორც მინისტრმა განაცხადა, "მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად გადაადგილდება", თუმცა ბრეგაძე არ პასუხობს კითხვას, უჭირს თუ არა პატიმარს გადადგილება.
მთავრობის წევრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი 24 საათიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშაა და საჭიროების შემთხვევაში, პატიმარს შესაძლოა, მიეწოდოს სამედიცინო სერვისები, მათ შორის პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც, საქართველოში.
მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდება დამოუკიდებლად. ნუ ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას. თქვენ ამბობთ ტყუილს, როდესაც ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამით თქვენ ძაბავთ მათ შორის, მათი ოჯახის წევრებსაც და ცდილობთ, ხელი შეუწყოთ საზოგადოების მღელვარებას, ეს არის მავნებლობა“, -მიმართა რატი ბრეგაძემ მედიას.
რატი ბრეგაძის თქმით, ისინი მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.