ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილს თავდებში უდგება - ვინ მოაწერს და ვინ არა ხელს ენმ-ს ინიციატივას
ვინ მოაწერს ხელს და როდის დაიწყება პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება მიხეილ სააკშვილის თავდებობისთვის?
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხელმოწერისთვის მზად არიან. დოკუმენტზე ხელმოწერით დეპუტატები იღებენ ვალდებულებას რომ თუ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვებს, მკურნალობის დასრულებისთანავე უკან ისევ ციხეში დაბრუნდება არ მიიმალება. ამ შემთხვევაში კი გარანტორები საქართველოს პარლამენტის წევრები იქნებიან.
ეს ძალიან მიღებული პოლიტიკური პრაქტიკაა - შევახსენებ ჩვენს ოპონენტებს, რომ მათ შორის უკრაინაში, პარლამენტის წევრების მიერ, როგორც პოლიტიკური განაცხადი გამოიყენებოდა, ძალიან აქტიურად, მაშინ როდესაც პოლიტიკური დევნა იყო. იგი არ აპირებს არსად მიმალვას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი დაბრუნდება, როცა სიტუაცია გაუმჯობესდება"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.
რაც შეეხება ოპოზიციის სხვა წევრებს, პარლამენტში ხელისუფლების ოპონენტებს შორის სააკაშვილის თავდებობაზე აზრი ორად არის გაყოფილი.
ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი აცხადებს, რომ ენმ-ს ინიციატივა სამართლებრივად უპერსპექტივოა, რადგან მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია და არა ბრალდებული. თავდებობის დაყენება მხოლოდ ბრალდებული პირთან დაკავშირებით არის შესაძლებელი.
ასეთ თავდებობას მისჯილ პატიმართან მიმართებით კანონი არ ითვალისწინებს. სხვა საკითხია სასჯალის გადავადება, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ხდება, თუმცა ამას სპეციალური დასკვნა სჭირდება. მგონია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დღის წესრიგი სჭირდება და ამ ინიციატივებით ქმნის მას"- უთხრა "პირველებს" მოქალაქეების წევრმა, ლევან იოსელიანმა.
გახარიას გუნდიც მათ შორისაა ვინც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს.
ვერ გეტყვით, რამდენად პერსპექტიულია ასეთი შეთავაზება. მართალი, რომ გითხრათ, ბოლომდე პერსპექტივას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ სამართლებრივადაც ცორა რთულად წარმომიდგენია"- აცხადებს გახარიას გუნდის წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური.
"გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ხელმოწერის სანაცვლოდ პოლიტიკურ პირობას აყენებს - დეპუტატის თქმით, ენმ უნდა დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა.
გააჩნია, როგორ მოამზადებ ინიციატივას და გარემოს, რომ ადამიანებს მოუნდეთ მისი მხარდაჭერა. თუ ნაციონალური მოძრაობა სერიოზულოად შეხედავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს, დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ მხარი დაუჭიროთ ამ ინიციატივას და სხვა ინიციატივებს, რომელიც მიმართული იქნება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა თუ გათავისუფლებისკენ"- ამბობს იაგო ხვიჩია.
რაც შეეხება გიორგი ვაშაძის პარტიას "სტრატეგია აღმაშენებელში" აცხადებენ, რომ თუ ასეთი ფაქტი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს, ინიციატივას ხელს მოაწერენ:
თუ ევროპაში მივდივართ, პრეზიდენტებს კი არა არავის კლავენ. ბრეივიკმა უამრავი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, მაგრამ ყველაზე დაცულ სისტემაშია და ალბათ, ყველაზე კარგად გრძნობს თავს"- აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.