ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ოღონდ ჯანმრთელობას და არა სპეკულაციებს - სუბარი
როცა საქმე ყოფილ პრეზიდენტს ეხება, მაინც ვიტყვი, რომ მის ჯანმრთელობას შეიძლება, მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, ოღონდ სწორედ ჯანმრთელობას და არა სპეკულაციებს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დეპუტატმა გამოსვლის დრო ისევ წინა ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო და იმ პირობებზე ისაუბრა, რომელიც, სუბარის განცხადებით, ქართულ ციხეებში არსებობდა.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული, როგორც სააკაშვილის, ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის უფლება, მაგრამ ვერანაირი ჯანდაცვის სისტემა ვერ დაიცავს ადამიანის ჯანმრთელობას სავარაუდო აგრავაციის პირობებში.
მგონი დროა, გავიხსენოთ უახლოესი წარსული, თუ რა ხდებოდა 10 წლის წინ საქართველოს ციხეებში, ბუნებრივი მოვლენა იყო, როცა 20 კაციან საკანში 120 პატიმარი იყო, საწოლიც კი არ ხვდებოდათ და რიგ-რიგობით, ზეწრით ან საკუთარი ტანსაცმლით მიებმეოდნენ საწოლებზე და ისე ეძინათ ფეხზე მდგომებს - თქვა სუბარმა.