ხელისუფლება სააკაშვილს "ვივა მედში" გადაყვანას სთავაზობს
იუსტიცის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში - ვივა მედში, გადაყვანას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება რატი ბრეგაძემ გააკეთა.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება "შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით" მიიღეს.
ბრეგაძის განცხადებით კლინიკაში სააკაშვილს გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო, ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა "ვივა მედში", სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა" - განაცხადა ბრეგაძემ.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის თქმით, მსაჯვრდებულ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა. თუმცა, ის "შერჩევით იღებს მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს, რითაც ფაქტობრივად, უარს ამბობს, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულფასოვან მკურნალობაზე".
"ასევე იგი საკვებსაც იღებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით და ბუნებრივია, საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას"- თქვა მინისტრმა.