კლინიკა ,,ვივა მედში" სააკაშვილის მისაღებად პალატა უკვე მზად არის

11.05.22 19:45
კლინიკა ,,ვივა მედში" სააკაშვილის მისაღებად პალატა უკვე მზად არის

კლინიკა ,,ვივა მედი", მეხუთე სართული - ,,პირველების" ინფორმაციით, პალატა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსათავსებლად უკვე მზად არის. იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს პირობა მისცა, რომ მნახველებს მასთან კლინიკაში შეუშვებენ, მხოლოდ მკურნალობის პროცესში პირადი ექიმის ჩართვაზე უარს ეუბნება.

 სააკაშვილი თანახმაა, გადავიდეს კლინიკაში, თუმცა თავისი პირობებით. იგი ითხოვს, რომ პალატაში მასთან იყოს დედა და მეორე- უფლება მისცენ დამოუკიდებელ მედიკოსებს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი შეამოწმონ. 

პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის გზავნილი რუსთავის ციხიდან მისმა თანამებრძოლმა, ეკა ხერხეულიძემ, გამოიტანა.  თანაპარტიელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს, პალატაში გადაადგილებაში დედა, გიული ალასანია, დაეხმაროს.

მთავარია, დროზე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ,,ვივა მედში". ის არის თანახმა გადაყვანაზე და უსაფრთხოების სამსახურს, ექიმებს ამის შესახებ განუცხადა ჩემი თანდასწრებით.

ადამიანს, ვისაც გადაადგილება უჭირს, ვისაც კონკრეტული მოქმედების შესრულება უჭირს, სურს, რომ ამაში დაეხმაროს ერთი ადამიანი, თავმდგომი. ამ შემთხვევაში, მისი დედა- განაცხადაც ეკა ხერხეულიძემ.

როდის მოხდება რუსთავის მე-12-ე დაწესებულებიდან სააკაშვილის ეტაპირება აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ,,ვივა მედის" კლინიკაში, ხელისუფლება აღნიშნულ ინფორმაციას მკაცრად ასაიდუმლოებს. დიდი ალბათობით, პრეზიდენტს კვლევებზე გვიან ღამით გადაიყვანენ.

,,პირველების" ინფორმაციით, კლინიკა ,,ვივა მედი" უსაფრთხოების ნორმებს კიდევ უფრო ამკაცრებს. მეხუთე სართული, სადაც წესით, მიხეილ სააკაშვილი უნდა მოათავსონ, მთლიანად დაცალეს.