შეიძლება დაისვას უცხოეთში წაყვანის საჭიროება - "ოცნება" სააკაშვილის გადაყვანაზე ალაპარაკდა

12.05.22 15:08
შეიძლება დაისვას უცხოეთში წაყვანის საჭიროება -  "ოცნება" სააკაშვილის გადაყვანაზე ალაპარაკდა

პირველად, "ქართულად ოცნება" არ გამორიცხავს რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუშვას. 8 თვეა ხელისუფლება პრეზიდენტს სიმულიანტობაში ადანაშაულებს, თუმცა დღეს "ოცნებაში"  საზღვარგარეთ გადაყვანაზე ალაპარაკდნენ.  ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობა არ გამორიცხა.

ჰიპოტეტურად, თუ იარსებებს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ვერც პენიტენციური სამსახურის და ვერც ვერცერთი კერძო კლინიკის მომსახურება ვერ აღმოჩნდეს შეიძლება საკმარისი,ღმერთმა დაიფაროს, რომ ასეთი რამ სჭირდეს ბატონს სააკაშვილს, ასეთ შემთხვევაში  შეიძლება დაისვას უცხოეთში წაყვანის საჭიროება. თუ საჭიროა მკურნალობა და საქართველოში არ არის ესეთი რესურსი მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი იმაზე, რომ მოინახოს სამართლებრივი მექანიზმები იმისთვის, რომ გადაყვანილი იქნას უცხოეთში", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

მმართველი პარტიის წევრის, გია ვოლსკის თქმით, მათთვის ადამიანის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია.  

რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ადამიანის ჯანმრთელობას უნდა მიხედო, მითუმეტეს, მისი სიცოცხლე არ უნდა დააყენო საფრთხის ქვეშ.  იმ დროს როდესაც სააკაშვილი გადმოდგა ტრიბუნაზე სასამართლოში და მოწუდებდა ხალხს ჯანყისაკენ, ეს მაშინ ვთქვი და დღესაც ვამბობ, რომ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ის ჯგუფი, კონსილიუმი, რომელიც შეკრიბა მისი პოლიტიკური მხარდაჭერისათვის ადამიანებმა მნიშვნელოვანწილად პოლიტიკურად არიან ანგაჟირებული", - ამბობს გია ვოლსკი.