სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი - კობახიძე

14.05.22 15:55
 სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი - კობახიძე

ვერც სიმულაცია, ვერც თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის ან გათავისუფლების საფუძველი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ახლა ციხეებში იმაზე კარგი პირობებია, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების დროს იყო. 

ვერც სიმულაცია, ვერც თვითდაზიანება, ვერც რაიმე ამდაგვარი ვერ გახდება მისი ვერც საზღვარგარეთ გადაყვანის და მით უმეტეს, ვერც გათავისუფლების/შინაპატიმრობის საფუძველი. ძალიან მარტივად არის აქ საქმე - საპატიმროებში, თქვენ იცით, ვითარება არის რადიკალურად გაუმჯობესებული მომსახურების თვალსაზრისით. ეს აღარ არის ის საპატიმროები, რაც იყო წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც წლის განმავლობაში 150 ადამიანი იღუპებოდა ციხეებში. დღეს არის 12-ჯერ შემცირებული ეს სტატისტიკა, იმიტომ, რომ არის სრულიად სხვა მომსახურება და პირობები. შესაბამისად, თუ ვინმეს სურს თვითდაზიანება, სიმულაცია და ასე შემდეგ, ეს წარმატებული ვერ იქნება,  - ამბობს  ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა "ვივა მედში" გადაყვანას ოპოზიცია  მესამე  პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას  მსგავსად, იმიტირებულს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ  აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ დასავლეთის თვალის ასახვევად მიიღო და ის პრემიერ - ღარიბაშვილის ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება, რის შემდეგაც მესამე პრეზიდენტს ისევ ციხეში დააბრუნებენ.