მოახლოებული სანქციები - ივანიშვილი შვეიცარულ ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს
დაბლოკილი ფულის დასაბრუნებლად ბიძინა ივანიშვილი დღეიდან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი აანონსებს, რომ შვეიცარული ბანკის წინააღმდეგ დოკუმენტების და მტკიცებულებების ახალ პაკეტს გამოაქვეყნებს.
ივანიშვილმა საგანგებო განცხადებაში დაწერა, რომ მისი ანგარიშების დაბლოკვა პოლიტიკური დევნაა. ივანიშვილის ამ წერილის შემდეგ ქვეყანაში ახალი ანტიამერიკული კამპანია აგორდა. მმართველი პარტიის ღია მხარდამჭერი, ზაზა შათირიშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს და ამბობს, რომ შვეიცარიული ბანკის უკან აშშ დგას და ეს ზეწოლა ივანიშვილზე გაგრძელდება მანამ, სანამ გაგრძელდება ომი უკრაინაში. ამ მოსაზრებას არ ეწინააღმდეგებიან მმართველ პარტიაში.
ჩვენ, პოლიტიკოსები, ამ დისკუსიაში ვერ შევალთ, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი, შესაბამისად, ახლა აქ ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან, ამ დისკუსიაში ვერ შევალთ. თუმცა ის, რომ როდესაც პროცედურას სჭირდება ერთი დღე და იწელება ერთი თვე ბუნებრივია, საფუძვლიან ეჭვებს აჩენს", - ამბობს გიორგი ამილახვარი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილს მოახლოებული სანქციების ეშინია. მამუკა ხაზარაძის თქმით, კერძო დავა მმართველმა პარტიამ სახელმწიფო დონის გამოწვევად არ უნდა შეაფასოს.
ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ მისი პრობლემები ბანკთან გადაიტანოს პოლიტიკურ ჭრილში, ეძებს უხილავ მტერს, რომელიც ამ ბანკის უკან დგას და თუ ვინმე მოინდომებს მის დასანქცირებას და რაღაცას ამას გააკეთებენ ბანკების გარეშე. წარმოუდგენელი რამ არის, როცა მმართველი პარტია გამოდის და მოქალაქე ივანიშვილის ანგარიშების გადარიცხვა-გადმორიცხვაზე გვესაუბრება ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს თუ არ შეიცვალა, ვიქნებით არათუ გუბერნიის ნაწილი, არამედ გუბერნიის ბოლო სოფელი", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
ის არის შავ სიაში. ჯერჯერობით ოფიციალურიო სანქცია არ არის გამოცხადებული, მაგრამ როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ძალიან ბევრი კომპანია თავს იკავებს აფილირებულ პირებთან კონტაქტზე", - ამბობს რომან გოცირიძე.