გაუღებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას ციხის კარს - სალომე ზურაბიშვილი ისევ დუმს
გაუღებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას ციხის კარს - სალომე ზურაბიშვილის პოზიცია უცნობია. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის დაკავების შემდეგ 48 საათზე მეტი გავიდა, თუმცა პრეზიდენტი ამ დრომდე დუმს. ასევე, უცნობია შეხვდება თუ არა ზურაბიშვილი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც მას შეხვედრის თაობაზე ღია შეთავაზება გაუკეთეს.
"ტვ პირველის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ წერეთელმა კრიტიკული მედიის წარმომადგენლების სახელით სალომე ზურეაბიშვილს ნიკა გვარამიას საკითხზე სასაუბროდ შეხვედრა შესთავაზა.
ამის მიუხედავად, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია სალომე ზურაბიშვილთან შესაძლო შეხვედრას არ დაესწრება. ამის მიზეზად გაბუნია ნიკა გვარამიას პოზიციას ასახელებს, რომელმაც განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის შეწყალებას არ საჭიროებს.
შეხვდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მედიის წარმოადგენლებს, ჯერჯერობით ისევ უცნობია.