სასამართლო განაჩენით 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების არსებობა დასტურდება - DRI
2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივი დარბევა ორგანიზებული იყო. ამის შესახებ ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" წერს.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" საქართველოს გენერალურ პროკურატურას კითხვით მიმართა. პროკურატურიდან მიღებულ პასუხში მითითებულია, რომ 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების, დევნის და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საფუძვლებით მიმდინარეობს.
სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე შესაძლებელი იყო სიუჟეტში ასახული პირების იდენტიფიცირება, მხოლოდ ორგანიზატორების არსებობის შესახებ მიუთითა. აღნიშნულ სიუჟეტში ზურაბ მახარაძესთან ერთად ორგანიზების პროცესში მონაწილეობას იღებენ შოთა მარტინენკო, კოკა მორგოშია, „ალტ-ანალიტიკის” წამყვანები, სასულიერო და სხვა პირებიც.
საგანგაშოა, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ათი თვის შემდეგაც კი, საქართველოს პროკურატურას არ დაუწყია ძალადობის ორგანიზატორ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორების ბრალეულობა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენითაც დასტურდება.
მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების სისხლისსამართლებრივი დევნა დაუყოვნებლივ დაიწყოს", - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.