პატიმართან ექსპერტიზის დაშვებას სასამართლოს გადაწყვეტილება არ სჭირდება - საძაგლიშვილი

20.05.22 13:17
პატიმართან ექსპერტიზის დაშვებას სასამართლოს გადაწყვეტილება არ სჭირდება - საძაგლიშვილი

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ცოტა ხნის წინ კლინიკა "ვივა მედში" მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი, მივიდა.

საძაგლიშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ დაპატიმრებული პრეზიდენტისთვის ექსპერტიზის ჩატარების ნებართვა სასამართლომ უნდა გასცეს. 

დიმიტრი საძაგლიშვილმა რატი ბრეგაძე სიცრუეში ამხილა და თქვა, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად სასამართლოს ნებართვა საჭირო არ არის. მისი განმარტებით, როდესაც იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს აცხადებს, ეს უხეში კანონდარღვევაა და სწორედ ამის საფუძველზე მიმართეს ადვოკატებმა სასამართლოს. 

ექსპერტის დაშვებას პატიმართან არ სჭირდება არანაირი სასამართლოს გადაწყვეტილება. პირიქით, როდესაც იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ამას არ აკეთებს, ჩვენი მიმართვის საფუძველზე და ექსპერტების მიმართვის საფუძველზე, ეს არის უხეში კანონდარღვევა და სწორედ ამ კანონდარღვევის გამო მივმართეთ ჩვენ სასამართლოს, თუმცა სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ კანონით გათვალისწინებული იყო ვადა, 48 საათი , რომელშიც პასუხი უნდა მიგვეღო, სასამართლო წელავს უბრალოდ ამ პროცესს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ხან რა მიზეზს იგონებს, ხან რას, რომ როგორმე გადაწყვეტილება არ მიიღონ ამ საკითხზე. ბუნებრივია, ელოდებიან ხელისუფლების თანხმობას და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, - თქვა საძაგლიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 7 ნომებრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული. სწორედ დღეს უნდა გახდეს ცნობილი, დაავალებს თუ არა მოსამართლე  იუსტიციის სამინისტროს, ჩაატაროს სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზა. აღნიშნული  პროცედურა დაპატიმრებული პრეზიდენტის სასჯელის გადავადებისთვის არის საჭირო. 

მსგავსი სიახლეები