საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი იწყება - სხდომა შესაძლოა, გადაიდოს
საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იწყება. ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო, მესამე პრეზიდენტი სხდომას ვერ დაესწრება. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ სხდომა გადაიდება, რადგან მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესში მონაწილეობა სურს და აღნიშნული შინაარსის წერილით ის მოსამართლეს მიმართავს.
მიხეილ სააკაშვილის უფლებდამცველის, შოთა თუთბერიძის თქმით, ადვოკატები ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, რათა პროცესი პოლიტიკური დევნის სადემონსტრაციოდ გამოდგეს.
დღეს, როგორც ჩემთვსი ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოცხადებას ვერ ახერხებს სასამართლო პროცესზე, ამიტომ არის ალბათობა იმისა, რომ სხდომა გადაიდოს. შემდეგ პროცესებზე, როცა სხდომა გაგრძელდება, ბუნებრივია გავაგრძელებთ ყველა ბერკეტის გამოყენებას, იმისთვის, რომ ეს პროცესი თუ არ გამოდგება როგორც მართლსამჯულების განხორციელების აქტი, გამოდგეს როგორც დემონსტრატორი პოლიტიკური დევნისა, რომელიც მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და გავაგრძელებთ ყველა იმ კანონისმიერი მექანიზმის ძალიან ეფექტურად გამოყენებას, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, რომ ფორმალურად მაინც საპროცესო ულფებები მაინც იყოს ბრალდებულისა დაცული, - თქვა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ საკაშვილი ამ დროისათვის კლინიკა "ვივა მედშია" მოთავსებული. ადგილზე ცოტა ხნის წინ მისი თანაგუნდელი კობა ნაყოფია მივიდა, თუმცა ის მესამე პრეზიდენტთან არ შეუშვეს. ნაყოფია უკვე საათნახევარია პალატაში შესვლის ნებართვას ელოდება.