ძალადობა პოლიციაში - სამართალდამცავებს არაადამიანურ მოპყრობაში კიდევ ერთი პირი ადანაშაულებს
გლდანი-ნაძალადევის მეცხრე სამმართველოს თანამშრომლებს არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაში "სირცხვილიას" დამფუძნებლის შემდეგ კიდევ ერთი მოქალაქე ადანაშაულებს.
ბექა კვაჭანტირაძე ამბობს, რომ მოძალადე პოლიციელები ამოიცნო. მისი თქმით, ის სამართალდამცავების აგრესიის მსხვერპლი მაშინ გახდა, როდესაც კრიმინალურ ფაქტს შეესწრო და ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავების თავდასხმის ობიექტი თავად გახდა.
ფაქტის გამოძიება მაშინ გენერალურ ინსპექციამ დაიწყო, თუმცა გამოძიება ამ დრომდე დასრულებული არ არის. ძალადობაში მხილებული პოლიციელები კი ისევ თანამდებობაზე რჩებიან.
ქუჩაში შევესწარი ძალადობის ფაქტს, ორი ადამიანი ძალადობდა მესამეზე - სახეში ქამარს გამეტებით ურტყამდნენ. მე ამაზე რეაგირება მქონდა, გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, ადგილზე მოსულ ეკიპაჟს მოძალადეები არ დახვდნენ. მე მათ განუმარტე, რა მოხდა და რატომ დავურეკე მათ. როდესაც გადამიყვანეს შემდგომი საპროცედურო საქმიანობისთვის, გზაში ერთ-ერთი პოლიციელი, სავარაუდოდ ერქვა ნიკა. ის ჩემი ჯდომის მანერაზე გაბრაზდა, დამიწყო გინება"- განაცხადა ბექა კვაჭანტირაძე.