"პანიკაში ხართ, კანონის ჯალათები შეიძლება ხელიდან გამოგეცალოთ" - მწვავე დებატები პარლამენტში
მწვავე დებატები პარლამენტში - ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ამერიკის საელჩოზე მიტანილი იერიშის გამო დაუპირისპირდა. ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის, თქმით, მოსამართლეები ხელისუფლებას სთხოვენ, დაიცვან ისინი, რადგან სწორედ მათი უკანონო გადაწყვეტილებების მსხვერპლნი არიან.
მე მენიშნა ბატონი კობახიძის განცხადება და მე ჩემი ინფორმაციით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოსამართლეებში, კლანში, არის სერიოზული განგაში და მოსამართლეები ახლა ხელისუფლებას სთხოვენ იმას, რომ დაიცვას ხელისუფლებამ ეს მოსამართლეები, ვინაიდან მათ მიაღებინეს უკანონო გადაწყვეტილება, - თქვა დეკანოიძემ.
"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის, თქმით, ხელისუფლება პანიკაშია, რადგან მათი დავალებების შემსრულებელი მოსამართლეები ხელიდან ეცლებიან.
საკუთარ იურისტის დიპლომს მაინც ალბათ უნდა გაუფრთხილდეს ეს ადამიანი, მსგავს სამართლებრივ სისულელეს რომ ამბობს საჯაროდ. ახლა ხართ პანიკაში, რომ დიახ, ეს მოსამართლეები თანდათან შეიძლება, ხელიდან გამოგეცალოთ და მერე ვინ იქნება თქვენი დავალებების შემსრულებელი? და თუ მოსამართლეები აღარ გეყოლებათ კანონის ჯალათებად, მაშინ როგორ შეძლებთ, რომ გაატაროთ ის პოლიტიკა ქვეყანაში, რომელსაც ატარებთ?, - თქვა ნაცვლიშვილმა.
ირაკლი კობახიძე დღეს ნიკა გვარმიას საქმის მოსამართლეს გადაეფარა და თქვა, რომ ლაშა ჩხიკვაძის ამერიკული სასწავლო პროგრამიდან ამოგდება დანაშაულია. კობახიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს განმარტებების გაკეთება მოსთხოვა.