გთხოვთ, დადებითად განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება - ოპოზიციის წერილი EU-ს
საპარლამენტო ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპარლამენტარებს სპეციალური წერილით მიმართავენ, რომლითაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ოპოზიციის წარმომადგენლები წერილში დეტალურად ხსნიან, რისთვის სჭირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და პირობას დებენ, რომ გამოწვევების მიუხედავად, რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ.
წერილს უცვლელად გთავაზობთ.
ბატონ შარლ მიშელს,
ქალბატონ ურსოლა ფონ დერ ლაიენს
ქალბატონ რობერტა მეცოლას
ბატონ ჯოზეფ ბორელსსაქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არის ჩვენი ხალხის ისტორიული და კულტურული არჩევანი. ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არის შესაძლებლობა ქვეყანაში დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მედია თავისუფლება, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.
არასოდეს დავივიწყებთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციტივით შექმნილ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, რასაც მოყვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვასთვის, რამაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გააჩინა ჩვენი ქვეყნებისთვის.
დღეს, როდესაც რუსეთი სამხედრო აგრესიით უპირისპირდება უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურას, როდესაც დასავლეთი ერთიანია რუსეთის რევიზონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ, საქართველო ის ერთადერთი პროდასავლური ქვეყანაა რეგიონში, რომელის 20% ოკუპირებულია და არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები.
მიგვაჩნია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გაგრძელებაა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის სამხედრო აგრესიის.
ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების - საქართველოს, უკრაინის, და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც სურს დაყოს მსოფლიო გავლენის სფეროებად და ჩამოაშოროს ტრიოს ქვეყნები ევროპულ მომავალს.
მტკიცედ გვწამს, რომ რუსეთის სურვილი თავის ორბიტაზე დააბრუნოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და შეზღუდოს ჩვენი დემოკრატია და სუვერენიტეტი ვერ შედგება და ევროკავშირის კადიდატის სტატუსი მოგვცემს იმედს, ძალას და შესაძლებლობას ასრულდეს ჩვენი ერების ისტორიული ნება გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
შესაბამისად, მიუხედავად რეფორმების გზაზე არსებული გამოწვევებისა და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლისა, ხელისმომწერი საპარლამენტო ოპოზიციონერი დეპუტატები ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ მონაწილეობას მივიღებთ ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.
გთხოვთ, დადებითად განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც იქნება დამატებითი გარღვევა და ბიძგი ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების და რუსეთის გავლენისგან საქართველოს გათავისუფლების, - ნათქვამია წერილში.
პარლამენტში დღეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. სწორედ დღევანდელ სესიაზე წაიკითხავს ევროდეპუტატებისთვის განკუთვნილ წერილს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ლევან იოსელიანი.