სამედიცინო ექსპერტებისთვის სააკაშვილის პალატის კარი იმ წამსვე გაიხსნება, როგორც კი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაგვბარდება - რატი ბრეგაძე
იუსტიციის სამინისტრო მზად არის, სამედიცინო ექსპერტიზის ჯგუფი მიხეილ სააკაშვილთან პალატაში იმავე წამს შეუშვეს, რაც მარიამ ჯიშკარიანი და კიდევ ოთხი ექიმი დოკუმენტაციას პენიტენციურ სამსახურს წარუდგენს.
"პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტისთვის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება.
გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში იღებს არა რატი ბრეგაძე, არამედ კანონი და რატი ბრეგაძე აღასრულებს ამ გადაწყვეტილებას.
სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნებრივია, შესასრულებლად სავალდებულოა და ჩვენ ამის შესახებაც ვისაუბრეთ, რომ მათ სასამართლოდან შესაბამისი თანხმობა ექნებოდათ, იქნებოდა გადაწყვეტილება, ისინი შევიდოდნენ"- განაცხადა "ტვ პირველთან" რატი ბრეგაძემ.
"ტვ პირველის" დამაზუსტებელ კითხვაზე, შეუშვებენ თუ არა იმავე წამს მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტებს, რაც ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას წარდგენენ, რატი ბრეგაძე აცხადებს:
"როდესაც შესაბამისი დოკუმენტები იქნება, როდესაც ყველა წინაპირობა დაკმაყოფილებული იქნება, ბუნებრივია, ექსპერტები შესვლას შეძლებენ"- თქვა მინისტრმა.
გახდება თუ არა სამედიცინო ექსპერტიზის დამოუკიდებელი დასკვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების და უცხოეთში სამკურნალოდ გაშვების საფუძველი - იუსტიციის მინისტრმა დღეს ,,პირველებს" განუმარტა, რა პროცედურები უნდა დაიწყოს სამედიცინო შემოწმების და დასკვნის მომზადების შემდეგ, ამ შემთხვევაშიც გზა სასამართლომდე მიდის.
რაც შეეხება საზღვარგარეთ გაშვების, ან არ გაშვების საკითხს, სასჯელის გადავადებას - ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს იუსტიციის სამინისტრო. როგორც სასჯელის გადავადების, ასევე სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.
იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის მოქმედებს, მოქმედებდა და იმოქმედებს კანონის შესაბამისად, რაც იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, იმის ფარგლებში ვიმოქმედებთ. ჩვენ ციხის კარს ასე ნებაყოფლობით ვერავის გავუღებთ საკუთარი გადაწყვეტილებით" - თქვა მინისტრმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილისთვის ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების განკარგულება გასცა. ნინო ჩახნაშვილმა რატი ბრეგაძის უწყება დაავალდებულა, მესამე პრეზიდენტთან დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები შეუშვას და პროცესის დაწყება უზრუნველყოს.