საქართველო თავისი ტერიტორიების ომით დაბრუნებას არ აპირებს - ზურაბიშვილი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს
საქართველო თავისი ტერიტორიების ომით დაბრუნებას არ აპირებს - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებს.
მისი თქმით, ეს რუსული დეზინფორმაციის ნაწილია:
ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ თითქოს საქართველომ შეიძლება, "დრო იხელთოს" და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება, ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ.
დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა", - თქვა ზურაბიშვილმა.