ენმ-ს გეგმით, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც ხელისუფლების გადატრიალება და ქვეყნის ომში ჩართვა უნდა მოჰყვეს - კობახიძე

30.05.22 11:05
ენმ-ს გეგმით, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც ხელისუფლების გადატრიალება და ქვეყნის ომში ჩართვა უნდა მოჰყვეს - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ისევ გადატრიალებაზე საუბრობს - მისი მტკიცებით, ოპოზიციისა და უცხოელი ლობისტების გეგმაა, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

საგანგებო ბრიფინგზე მმართველი პარტიის ლიდერმა თქვა, რომ თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსს ვერ მიიღებს, ენმ "ქვეყანაში გადაწტრიალების მოწყობას გეგმავს".  კობახიძის მტკიცებით ოპოზიციის მიზანია, "ქვეყანა ომში ჩართონ". 

ამ კონტექსტში მმართველი პარტიის ლიდერმა,  „ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები" ახსენა.

რადიკალური ოპოზიცია კვლავაც განაგრძობს  საუბარს იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს.  იგივე გზავნილით ესაუბრებიან ისინი უცხოელ კოლეგებსაც. მათი მიზანი და გათვლა მარტივია -  ივნისის ბოლოს საქართველომ, მათი გათვლით უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც, მათი გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, ,,ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა"- განაცხადა კობახიძემ.

"ოცნების" თავმჯდომარის მტკიცებით, ხელისუფლებამ „ომის პარტიისა“ და მისი უცხოელი ლობისტების გეგმები გაშიფრა.

"რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების, ახალი შულავერის კომიტეტის, ომისა და ღალატის პარტიის ეს სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები