კობახიძის მტკიცებით, ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველომ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად უნდა მიიღოს.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს, მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს. საქართველომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიაღწია ყველა ხელშესახებ შედეგს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, სწორედ ქართული ოცნების პირობებში მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს ორივე აპლიკანტ ქვეყანას, რასაც ვერავინ უარყოფს"- აცხადებს კობახიძე.
კობახიძის განცხადებით, საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს ორივე აპლიკანტ ქვეყანას.
საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 45% რაც უპრეცედენტო შედეგია, ამ მონაცემებით საქართველო არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს"- თქვა მან.
კობახიძის თქმით, ყველა ამ პირობის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრან უარი საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება :
პირველი - ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიები რუსული ოკუპაციის ქვეშაა;
და მეორე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ავლენს სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში.
რისთვის შეიძლება უღირდეს ევროკავშირს ამის საპირისპირო გზავნილის გაჟღერება, სრულიად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ევროკავშირის მხრიდან ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო". - ამბობს კობახიძე.