სამართლებრივ სახელმწიფოში პირის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არ უნდა ეკითხებოდეს - საძაგლიშვილი
სასამართლო სამედიცინო ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან, სავარაუდოდ, ხვალ შევლენ. ინფორმაცია "ვივა- მედის" კლინიკიდან პრეზიდენტის ადვოკატმა გამოიტანა.
დიმიტრი საძაგლიშვილი ასევე, ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო საზღვარგარეთ გადაყვანა არ მოხდება.
უფლებადამცველის თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში ამა თუ იმ პატიმრის სამკურნალოდ საზღვაგარეთ გადაყვანას მმართველი პარტიის თავმჯდომარის კომპეტენციაში არ უნდა შედიოდეს.
სამართლებრივ სახელმწიფოში, დემოკრატიულ სახელმწიფოში მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არავინ არაფერს არ ეკითხება და არ უნდა ეკითხებოდეს მოხდება თუ არა პირის გადაყვანა სამკურნალოდ საზღვარგარეთ. წესით, ეს უნდა იყოს ექსპერტების და სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხი, მაგრამ სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აკეთებს განცხადებებს და წინასწარ აანონსებს თუ რა შედეგი უნდა დადგეს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას რაც შეეხება, სამწუხაროდ, არა თუ გაუმჯობესება, პირიქით, გაუარესება გავქვს სახეზე, - თქვა საძაგლიშვილმა.