არაფორმალურმა მმართველობამ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია გამოიწვია -EPP

31.05.22 11:30
არაფორმალურმა მმართველობამ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია გამოიწვია -EPP

"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია - EPP პირდაპირ ამბობს, რომ ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეფერხდა.

"არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების "შეუჩერებელი ეროზია" გამოიწვია" - წერია განცხადებაში. 

ევროპის სახალხო პარტია დიდი შეშფოთებით აკვირდება საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლას. ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და დემოკრატიული ინსტიტუტების, მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური თანაბარი პირობებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, შეუჩერებელი ეროზია გამოიწვია". - წერია განცხადებაში.

განცხადებაში მოხვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება.

"ევროპის სახალხო პარტია" აღნიშნავს, რომ  ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს სერიოზულად აზიანებს. 

დაპატიმრება და შემდგომი არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა, მათ შორის, აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა და ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეული მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამგვარი ტენდენციების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

ცნობილი მედია მენეჯერის, ნიკა გვარამიას პატიმრობა კი - საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხეს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიტყვის შემცირებას კიდევ უფრო ხაზს უსვამს", - ნათქვამია განცხადებაში.

EPP მწუხარებას გამოთქვამს, რომ "საქართველომ, ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერმა, ძნელად მოპოვებული დემოკრატიის სიგელი დაკარგა და ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით კვლავ ეჭვებს აჩენს".

მათივე თქმით,  საქართველოს მთავრობამ საქართველოს ევროპული გზისადმი თავისი ერთგულება უფრო მკაფიოდ უნდა აჩვენოს.

"სახალხო პარტია" შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მათი სრული პასუხისმგებლობის შესახებ. საქართველოს მთავრობის უარი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და სააკაშვილის ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ადეკვატური მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის გადაყვანაზე, ასევე უფრო ფართოდ, ხელისუფლების მიერ, სასამართლო სისტემის მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იარაღად გამოყენება, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს სერიოზულად ძირს უთხრის.

"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ერთგული რჩება", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები