სამარცხვინოა, რომ საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა - პრეზიდენტი

31.05.22 12:42
სამარცხვინოა, რომ საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა - პრეზიდენტი

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყანაში გახშირებული ფემიციდი პოლიციელებისთვისაც დიდი გამოწვევაა.

მართალია, ზოგს არ უყვარს სიტყვა - სამარცხვინოა, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც სამარცხვინო არის დღეს, რომ საქართველოში ხდება კიდევ ის სასტიკი ქალთა მკვლელობა ბავშვების თვალწინ.

ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ესაა ძალიან დიდი გამოწვევა და ვიცი, რომ ამ კუთხით უკვე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდენი და ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ კიდევ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ.

ესაა ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ამისკენ ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ყველა ზომა მივიღოთ, ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, იმას მივაღწიოთ, რომ ოჯახში ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება". - განაცხადა სალომე ზურაბვიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პოლიციელებსა და შსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები