დასავლელი პოლიტიკოსი კრემლი და ბატონი არ არის - ბექა დავითულიანი
"ქართული ოცნების" წევრი დასავლელი პარტნიორების კრიტიკას ეხმიანება და ამბობს, რომ ევროპელი პოლიტიკოსი კრემლი და ბატონი არ არის. მისი თქმით, შეცდომები ყველას მოსდის.
დავითულიანი ასევე, პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტში ჩართვის საშუალება უნდა მისცემოდა. მმართველი გუნდის წევრის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ზელენსკიმ ქვეყნიდან ელჩი გაიწვია, მისი პარლამენტში ჩართვა პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ იქნებოდა.
თუ ჩათვლი, რომ დასავლელი რომელიმე პოლიტიკოსი შენი პარტნიორი ქვეყნის გაკრიტიკებს უსამართლოდ, შენც შეგიძლია იგივენაირად უპასუხო, იმიტომ, რომ ის კრემლი და ბატონი არ არის, ის არის პარტნიორი და როგორც შენ შეიძლება, გეშლებოდეს რამე, შეიძლება, მასაც ასე ეშლებოდეს რამე.
მაშინ, როცა, არ ვიცი, რის გამო, ბატონ ზელენსკიმ სრულიად უსაფუძვლოდ გააკრიტიკა, ჩვენი ქვეყნიდან გაიწვია ელჩი, ამ ფონზე პარლამენტში მისი ჩართვა, ჩემი აზრით, არ იქნებოდა პოლიტიკურად მიზანშეწონილი, - თქვა ბექა დავითულიანმა.