დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა გვიყუროს - პაპუაშვილი
"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ევროპარლამენტარების მიერ მედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილი რეზოლუციის მიღება დროული არ არის და ამით ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შეეშლება. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპაუშვილის თქმით, ამ მნიშვნელოვან მომენტში ბურთი სწორედ ევროკავშირის მოედანზეა.
მე ვფიქრობ, რომ დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანით უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინას თუ მოლდოვას. დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მომენტი. მე მაქვს იმედი, რომ ევროკავშირს ეყოფა დღეს ამ ისტორიულ მომენტში სითამამე, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ხაზს ვუსვამ, დღეს ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე. საქართველომაც, მოლდოვამაც და უკრაინამაც, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, თავისი ბრძოლით და თავისი შრომით დაამტკიცეს, რომ ჩვენი ადგილი არის ევროკავშირში, - თქვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტარები ადასტურებენ, რომ ამზადებენ დოკუმენტს, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების პრობლემებს შეეხება. რა სახის იქნება დოკუმენტი ცნობილი მომდევნო კვირაში გახდება. ამის მიუხედავად, "ქართული ოცნება" უკვე აცხადებს, რომ დოკუმენტი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის დაკვეთილი.