"ადამიანი პირდაპირ საზოგადოებას აფურთხებს სახეში, შეიძლება ეს უფრო საშიში იყოს" - როგორ ხსნის ვოლსკი ძალადობას
პარლამენტის ვიცე - სპიკერი, გია ვოლსკი „რესპუბლიკური პარტიის" წევრებზე თავდასხმას ეხმაურება. მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ "ნებისმიერი ასეთი ანგარიშსწორება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც შენს აზრს არ იზიარებს, არის დანაშაული ქვეყნის წინაშე".
ამ კომენტარის პარალელურად ვოლსკი აცხადებს, რომ "ადამიანი გამოდის და პირდაპირ საზოგადოებას აფურთხებს სახეში".
ადამიანი გამოდის და პირდაპირ საზოგადოებას აფურთხებს სახეში, შეიძლება ეს უფრო საშიში იყოს, ვიდრე „ქართული ოცნების" საწინააღმდეგო პოზიცია"- თქვა დეპუტატმა.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს, დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დღის პირველ ნახევარში დაესხნენ. ინციდენტი რუსთაველის გამზირზე მოხდა.
დაკავებულები არიან ირაკლი ხომასურიძე და ვეფხია ღვალაძე.
დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ თავდასხმის მიზეზი პოლიტიკური საქმიანობას უკავშირდება. მისივე თქმით, თავდამსხმელები ახსენებდნენ ლევენ ბერძენიშვილს- "წმინდანს აგინებსო".
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.