ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო - კობახიძე
"ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანეთ, ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო" - "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ბერძენიშვილის ლანძღვას დაუთმო.
კობახიძე ამტკიცებს, რომ "ძმები ბერძენიშვილები ქართველი ხალხისა და ქვეყნის ზიზღით გამოირჩევიან".
"ოცნების" თავმჯდომარის იერიშის სამიზნე გიგა ბოკერია, ნიკა გვარამიაც გახდნენ. კობახიძემ მათ "ბოლშევიკები" უწოდა.
მე მინდა, ვისაუბრო შეტევის იმ ახალ ტალღაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის მიმართ, თქვენ ხედავთ, რომ გამოარჩიეს რამდენიმე ქართველი, ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, რომ დაანგრიონ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იდენტობა. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებელს უწუნებენ შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას"- თქვა კობახიძემ.
მისივე შეფასებით, ძმები ბერძენიშვილები ყინულმჭრელის როლს ასრულებენ:
მათ აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ, საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი, არ ვიცი. ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანეთო, ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. ეს ვიტყვი, რომ არ არის უბრალოდ ერთი ზიზღით განმსჭვალული ადამიანის უსამშობლო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი, ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც ,,ნაცმოძრაობამ" დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში", - დასძინა ირაკლი კობახიძემ.