ჩხუბი პარლამენტში - ადგილზე მანდატურის გამოძახება გახდა საჭირო
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ჩახშობა უსაფრთხოების სამსახურმა მოახერხა. ირაკლი კობახიძეს და გიორგი ვაშაძეს შუაში 4 მანდატური ჩაუდგა. ოპოზიციისკენ იწევდა "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილიც.
ვითარება სხდომაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ტრიბუნიდან დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდასხმის შესახებ არაფერი თქვა. საკითხის იგნორირებამ ოპოზიციოინერი დეპუტატები გაბრაზება გამოიწვია. ირაკლი კობახიძე ასევე, ძმებ ბერძენიშვილებსაც დაესხა თავს და თქვა, რომ ისინი "ბოლშევიკები" არიან, რომლებიც ქართულ იდენტობას ებრძვიან.
მე არ ვიცი, გუშინ ვინც დაარტყა დათო ბერძენიშვილს და ხათუნა სამნიძეს, ვინც დაესხა, არ ვიცი ამ ხალხის სახელი და გვარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მათ ჰქვია კოლექტიური ირაკლი კობახიძე. თქვენ ხართ მოძალადე, მატყუარა პოლიტიკური ძალა. იმის ნაცვლად, რომ ვუსაბროთ რეალურად პრობლემებზე, თქვენ წამოიწყეთ ეს ძალიან ბინძური კამპანია და ძალადობის კამპანიაც, - თქვა "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
ირაკლი კობახიძე ,,რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელებს მეფე ერეკლეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა, ამ განცხადებამ კი პარლამენტში ახალი დაპირისპირება ააზვირთა.
სიტუაცია საკანონდებლო ორგანოში მას შემდეგ დამშვიდდა, რაც ირაკლი კობახიძემ სხდომათა დარბაზი დატოვა.