საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროინტეგრაციას მხარს მყარად უჭერს - სალომე ზურაბიშვილი

07.06.22 14:44
საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროინტეგრაციას მხარს მყარად უჭერს - სალომე ზურაბიშვილი

"იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენს გვერდით ამ რთულ, მაგრამ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტთან, სერჯო მატარელასთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. 

მისი თქმით, საქართველოში ევროინტეგრაციის მაღალი მოლოდინი არსებობს: 

"ვიმყოფები რომში და ალბათ ეს შემთხვევითი არ არის, სადღაც 65 წლის წინ რომის ტრაქტატების ხელმოწერით საფუძველი ჩაეყარა ერთიანი ევროპის იდეას. ეს ბევრმა ალბათ არ იცის ან დავიწყებულია, რომ ევროპის პირველი ფედერაციული კონსტიტუცია დაიწერა ქართველი პროფესორის, ქართველი ემიგრანტის, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, მიხეილ მუსხელიშვილის მიერ, ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რადგან სადღაც ვართ ევროპის სათავეშიც კი.

საუკუნეებია, საქართველო ევროპისკენ იყურება და ამის ბევრი მაგალითი არსებობს ბოლო პერიოდში. ეს 30 წელი საქართველოს მოსახლეობა ევროპისკენ არათუ იყურება, არამედ 80%-ზე მეტი მხარს უჭერს მყარად ევროპის ინტეგრაციას, ამ პროცესს, რომელიც დღეს ჩანს ამ ჭრილში, აჩქარებული პროცესი, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ, ამ წარსულიდან გამომდინარე, ამ თარიღებიდან გამომდინარე, ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აქ და ახლა, პრეზიდენტ მატარელასთან გვაქვს საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესს, იმ მოლოდინს, რაც არსებობს საქართველოში"- თქვა პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას დღეს ეწვია.  სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფო ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში დაიწყო.

პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.

შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოს და იტალიის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს და მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები