ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ისიც ყოფილი - ზარქუა სალომე სამადაშვილს

08.06.22 13:17
ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ისიც ყოფილი - ზარქუა სალომე სამადაშვილს

პარლამენტში შალვა პაპუაშვილის ანგარიშის მოსმენას კამათის გარეშე არ ჩაუვლია. "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, "ლელოს" ლიდერს, სალომე სამადაშვილს, კომპეტენცია დაუწუნა და თქვა, რომ მისი "ქედმაღლობა ყელში ამოუვიდა". 

ზარქუას გაღიზიანება სამადაშვილის კითხვებმა გამოიწვია, რომლითაც დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. 

სამადაშვილი დაინტერესდა, რატომ არ უსმენს საქართველოს პარლამენტი ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტს. 

თქვენ ქალბატონ მეცოლას შეხვდით, მაინტერესებს, როდის იგეგმება ჟან მონეს დიალოგი? მეორე ჩემი შეკითხვა შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის მოწვევას საქართველოს პარლამენტში. თქვენ ბრძანეთ, რომ პრეზიდენტს მსგავსი თხოვნით არ მოუმართავს. დღემდე ზელენსკიმ ყველა დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტს მიმართა, ჩვენი ინფორმაციით ყველა ამ პარლამენტმა ის თავად მოიწვია. რატომ დაიბლოკა ეს ინიციატივა? 

გუშინ, კობახიძის გამოსვლასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? ახალისებს თუ არა მსგავსი გამოსვლები ძალადობას, მათ შორის ჩვენი კოლეგების წინააღმდეგ"- მიმართა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს. 

სამადაშვილის გამოსვლის შემდეგ ზარქუამ კოლეგას "ხელმოცარული დიპლომატი" უწოდა: 

ყოველთვის მინდოდა, მეთქვა: ხელმოცარული, ყოფილი დიპლომატი ხარ. 2008 წელს, როდესაც რუსულ აგრესიას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% შეიწირა, შეეწირნენ ჩვენი ბიჭები... იმდენი გააკეთე, რომ რეზოლუცია მიაღებინე შენს გუნდს, მხარი დააჭერინე და ქართველი ბიჭები დაადანაშაულე ომის ესკალაციაში. რა ტონალობაში გველაპარაკებით ქალბატონო სალომე, რამე ხომ არ აგერიათ? ამოვიდა ყელში თქვენი ეს ქედმაღლობა"- განაცხადა ზარქუამ. 

მსგავსი სიახლეები