თუ საქართველო ევროპის ღია კარს მიღმა დარჩება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას - დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე ევროპარლამენტარების გამოსვლას ეხმაურება.
,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ევროპარლამენტმა ძალიან მალე, დაახლოებით ორ კვირაში, უნდა იმსჯელოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
დეკანოიძე ასევე საუბრობს, რომ ევროპამ დაინახა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია საქართველოს დემოკრატია ივანიშვილის ხელისუფლების ხელში.
ევროპარლამენტში ჩვენმა მეგობრებმა და საქართველოს გულშემატკივრებმა საქართველოში საზოგადოებას და ევროპას აჩვენეს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია დემოკრატია და რამხელა დარტყმას აყენებს საქართველოში დემოკრატიას არაფორმალური მმართველობა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება,
როდესაც საქართველო ელოდება სტატუსს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროპარლამენტარები მსჯელობენ საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, იმაზე, რომ ნიკა გვარამია, რომელიც დაკავებულია ზუსტად პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებას საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით.
იმაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ,,ქართული ოცნების" პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო მისი გადაყვანა არის დიდი დაბრკოლება. ზუსტად იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ჟურნალისტებს სცემენ და ყველაზე მნიშვნელოვანი - საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლური კამპანიის ფონზე, იყენებს ყველა რეპრესიულ ინსტიტუტს.
ევროპარლამენტმა ძალიან მალე, დაახლოებით ორ კვირაში უნდა იმსჯელოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
მათ ღიად მისცეს რამდენიმე კვირა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოასწოროს და მეტ-ნაკლებად ნაბიჯები გადადგას პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოსწორებისკენ ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის და ასევე, მედიის თავისუფლებისთვის ქვეყანაში.წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ღიად თქვეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ემხრობიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში ევროპის ღია კარს მიღმა დარჩება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას". - აცხადებს ხატია დეკანოიძე.