პარლამენტში მივდივართ, მაგრამ არ შევდივართ - "გირჩი"

16.04.21 15:53
პარლამენტში მივდივართ, მაგრამ არ შევდივართ - "გირჩი"

„გირჩი“ პარლამენტში შედის. პარლამენტში მივდივართ, მაგრამ არ შევდივართ, - ასე განმარტავენ „გირჩელები“  საკუთარ გადაწყვეტილებას. მათი თქმით, ისარგებლებენ ყველა იმ ბერკეტით, რაც დეპუტატებს აქვს, თუმცა არ აიღებენ ხელფასს.  „გირჩელები“ ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს  ჯერ-ჯერობით ოფისად გამოიყენებენ. რაც შეეხება სესიებს და კომიტეტის სხდომებს, ოპოზიციური პარტიის წევრები არ დაესწრებიან, ვიდრე მმართველი პარტია მათ 7 პუნქტიანი მოთხოვნებიდან მინიმუმ ერთს მაინც არ დააკმაყოფილებს.

მივდივართ პარლამენტის შენობაში. ეს არის მისვლა პარლამენტის შენობაში იმ გეგმის განსახორციელებლად, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ. ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ პოლიტიკური ველი, სადაც „გირჩს“ შეეძლება ოპერირება. საპარლამენტო საქმიანობა კულუარული უნდა ვაწარმოოთ, რომ ჩვენ დავიჯეროთ, რომ მართლა გადაწყვეტადია ქვეყანაში ის საკითხები „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში  ყოფნის  შემთხვევაში, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. თუ დავრწმუნდებით, მაშინ შევალთ პარლამენტში სრულფასოვნად. ვიდრე ჩვენ ეს არ გაგვირკვევია, მივდივართ პარლამენტის დერეფანში, - აცხადებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ,,გირჩის" გადაწყვეტილება პარლამენტში შევლას ნიშნავს. მათი მტკიცებით, ამ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში შესვლა დიდი ხანია, სურს.

მათი ეს განცხადება, რომ შევლენ პარლამენტში, მიესალმებიან, მაგრამ არ დაესწრებიან, პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ისინი უკვე შედიან პარლამენტში. ნაწილობრივ მათი განცხადება ცოტა არასერიოზულია. შევალთ, მაგრამ არ შევალთ, ცოტა ვერ გავიგე. ესეც ერთი დასტურია იმის, რომ „გირჩი“ უკვე დიდი ხანია, საერთო ოპოზიციური პლატფორმის წევრი აღარ არის, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე.