"ოცნება" ოპოზიციასთან შეთანხმების ტექსტს ცალმხრივად აწერს ხელს

16.04.21 17:14
"ოცნება" ოპოზიციასთან შეთანხმების ტექსტს ცალმხრივად აწერს ხელს

"ქართული ოცნება" კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ცალმხრივად აწერს ხელს. 

"დანიელსონის დოკუმენტს საჯაროდ ვაწერთ ხელს" - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ.

დღეს „ქართული ოცნება“ საჯაროდ ხელს აწერს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. 

ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც ასევე არა ერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში,  თუმცა, დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ  დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნებით არის გამყარებული"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოცნებამ დამატებითი კონსულტაციებისთვის გამოყოფილი დრო ამოწურულად გამოაცხადა.

ამასთან, "ოცნება" მზადყოფნას გამოთქვამს, თვითმართველობის არჩევნებზე მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.  

კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტის ხელმოწერასთან ერთად, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, სახე შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.