ზეწოლა აქციის მონაწილეებზე - შეკრების მონაწილეებს გამოკითხვაზე იბარებენ
ზეწოლა აქციის მონაწილეებზე - "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ადვოკატი დავით ცინცქილაძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც უფლებადამცველმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ მანიფესტაციას უერთდება.
"ტვ პირველის" მიერ მოპოვებული ჩანაწერის თანახმად, ცინცქილაძეს პოლიციის თანამშრომელი, ვინმე კვირკველია, ურეკავს და ბათუმის საქალაქო სამმართველოში მისვლისკენ მოუწოდებს. ეუბნება, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული.
პოლიციის თანამშრომელი არ ამბობს, ვისი განცხადების საფუძველზე დაიწყო, ადმინისტრაციული წარმოება.
ადვოკატი უკვე თბილისშია და ბათუმში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. დავით ცინცქილაძე ზარს შსს-დან ზეწოლად აღიქვამს და გომელაურის უწყების გააქტიურებას მის სოციალურ სტატუსს უკავშირებს.
ირკვევა, რომ ადვოკატმა, ასევე უფლებადამცველის გიორგი ონიანის ფეისბუქ სტატუსზე დააფიქსირა აზრი და დაწერა, რომ აქციას "შინ ევროპისკენ" დაესწრებოდა. ზუსტად ნახევარ საათში კი დავით ცინცქილაძე გამოკითხვაზე დაიბარეს.