ვინც ასე პირდაპირ საუბრობდა პუტინზე, სწორედ მან ჩააბარა ქვეყნის 20% რუსეთს - კობახიძემ ღარიბაშვილი დაიცვა

21.06.22 15:36
ვინც ასე პირდაპირ საუბრობდა პუტინზე, სწორედ მან ჩააბარა ქვეყნის 20% რუსეთს - კობახიძემ ღარიბაშვილი დაიცვა

,,ქართული ოცნება" ირაკლი ღარიბაშვილს იცავს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვინც ასე პირდაპირ საუბრობდა ვლადიმერ პუტინის შესახებ, სწორედ მან ჩააბარა ქვეყნის 20% რუსეთის ფედერაციას. 

კობახიძე სპეკულაციად მიიჩნევს ფაქტს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თითქოსდა უფრო მკაფიო პასუხი უნდა გაეცა  ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე ვლადიმერ პუტინის შესახებ. 

„აქ სპეკულაციებისთვის არავითარი სივრცე არ არსებობს, რადგან ჩვენ, ყველგან, ძალიან ხმამაღლა გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ უკრაინასთან მიმართებაში, ამიტომ აქ ყველაფერი არის ნათელი.  

თუ ვინმეს უნდა, რომ ჩვენ გავიმეოროთ ის რიტორიკა, რომელიც ჰქონდა სააკაშვილს 2008 წლის ომამდე და რომლის მიზანი იყო, პირდაპირ 20 %-ის ჩაბარება რუსეთისთვის, ამას ვერავის ვერ მივართმევთ. იმ რიტორიკას ჩვენ არ გავიმეორებთ, რომელიც ჰქონდა სააკაშვილს და კიდევ ვიმეორებ, 20 % ჩააბარა რუსეთის ფედერაციას. ჩვენი პოზიცია რუსულ აგრესიასთან მიმართებით იქნება ძალიან მკაფიო და გავაგრძელებთ ამ პოზიციის გამოხატვას ყველა პლატფორმაზე. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყატარის საერთაშორისო ფორუმზე, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა, ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინის ხსენება ვერ გაბედა. საქართველოს პრემიერი უხერხულ სიტუაციაში მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა წამყვანმა მას კითხვა დაუსვა, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს? ღარიბაშვილს თავის მართლება იმაზეც მოუწია, თუ რატომ არ შეურთდა საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

მსგავსი სიახლეები