ეს არის ქვეყნის დასჯა - კალაძე ევროკომისიის დასკვნაზე
თბილისის მერის, კახა კალაძის, თქმით, გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს არ აძლევენ.
მისივე შეფასებით, ევროკომისიამ მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყანა დასაჯა.
საზოგადოებას ყველაფერი უნდა ვუთხრათ, არაფერი არ არის აქ დასამალი. როცა ვამბობ, რომ გულდასაწყვეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ მართლა ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში ევროპული პერსპექტივისთვის, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ რეფორმებით. არაფერზე უკან არ დაგვიხევია. გვქონდა ომები, გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი სამხედროები ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილი იყო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ყველაზე მეტად თავგანწირვით იბრძოდნენ, უამრავი დაღუპული ჯარისკაცი, უამრავი ხელდაკარგული, ფეხდაკარგული ჯარისკაცები.
ეს ჩვენთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, თითოეული ქართველისთვის ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და ყველა ჩვენგანმა ვიცით, თუ რამხელა ხარჯი გაიღო საქართველომ ამ ყველაფრისთვის.
რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ის, რომ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტების მიღება და პირდაპირ შეიძლება თქვა, რომ ქვეყნის დასჯა, რომ არ მოგვცეს სტატუსი. მაგრამ არ უნდა დავუყაროთ ფარ-ხმალი, “- განაცხადა კახა კალაძემ.