99% იგივე დარჩება, კომისიის და საბჭოს გადაწყვეტილებებს შორის არსებითი სხვაობა ვერ იქნება - კობახიძე
"ყველამ იცის, რომ 99% დარჩება იგივე, რაც წერია კომისიის დოკუმენტში. აქაც FAKE კამპანიას აწარმოებენ, თითქოს შეიძლება რამე შეიცვალოს" – ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ კითხვას.
კობახიძის თქმით, კომისიის და საბჭოს გადაწყვეტილებებს შორის არსებითი სხვაობა ვერ იქნება.
კომისიის [რეკომენდაციის] შემდეგ აზრი აღარ აქვს. ყველამ ვიცით, ჩვენც და ოპოზიციამაც. აქაც FAKE კამპანიას აწარმოებენ, თითქოს შეიძლება რამე შეიცვალოს. არის მხოლოდ თეორიული შანსი, რომ რაღაც მოხდეს. ამის პრაქტიკული შანსი არ არსებობს და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. მათ შორის, იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც არიან გარკვეული საბჭოს საქმიანობაში და გამოაქვთ იქიდან ინფორმაცია, უკვე თქვეს, რომ კომისიის გადაწყვეტილებას გაიმეორებს საბჭო. ამ დღეებში რაიმეს შეცვლის არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა, კიდევ ერთი არასწორი მოლოდინი შექმნეს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ რაღაც ემოციები გაახურონ". – თქვა კობახიძემ.
23-24 ივნისის სამიტზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები წააყენა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.