სიტყვა ოლიგარქი იცით, რა არის, თქვე საც... - პრემიერი ივანიშვილს იცავს
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერი დეოლიგარქიზაციის თემასაც შეეხო და ოპოზიციისთვის სიტყვა "ოლიგარქის" განმარტებას შეეცადა. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, რადგან მას საქართველოში 1 ლარიც კი არ უშოვია.
როგორც ჩანს, პრემიერს სურდა, ოპოზიციის მისამართით სიტყვა "საცოდავი" გამოეყენებინა, თუმცა გაახსენდა, რომ ტრიბუნასთან იდგა და სიტყვა აღარ დაასრულა.
სიტყვა ოლიგარქი იცით, რა არის, თქვე საც... სასწაულია პირდაპირ... ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში. კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, თავისი ნიჭით, ჩამოიტანა და დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, სააკაშვილის მმართველობის დროს. შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში, დაგამარცხათ თქვენ, გაგყარათ პოლიტიკიდან ეს თქვენი დამნაშავე რეჟიმი და ეს ვერ აგიტანიათ. კაცი წავიდა ოფიციალურად, დატოვა თანამდებობა, - თქვა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა ოლიგარქებად მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე და დავით კეზერაშვილი მოიხსენია.