"საბჭოური ლოზუნგის სტილში" - თეონა აქუბარდიამ პრემიერი ხრუშოვს შეადარა
"სტრატეგია აღმაშენელის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ, პრემიერის დღევანდელი გამოსვლა ხრუშოვის გამოსვლას შეადარა. ოპოზიციის წევრმა ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, რომ მისი გამოსვლა საბჭოური ლოზუნგის სტილში იყო.
ბატონო პრემიერო, ჩვენ თითქმის ერთი ასაკის ვართ და მე თქვენმა დღევანდელმა გამოსვლამ, როდესაც თქვენ საუბრობდით, რომ ჩვენ უკეთესები ვართ, ვიდრე არა თუ უკრაინა და მოლდოვა, არამედ ევროპული ქვეყნები, გამახსენა ხრუშოვის 57 წელს გამოსვლის ლოზუნგი, როდესაც ის ამბობდა, „დავეწიოთ და გავასწროთ ჩამორჩენილ კაპიტალისტურ ქვეყნებს“ და სწორედ ამ საბჭოური ლოზუნგის სტილში გქონდათ თქვენ დღევანდელი გამოსვლა, - თქვა აქუბარდიამ.