კალაძის საჩუქარი ივანიშვილის დეიდაშვილს - ოპოზიცია უკანონო მშენებლობაზე საუბრობს
კახი კალაძის საჩუქარი უჩა მამაცაშვილს - ოპოზიციის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი მელიქიშვილის გამზირზე საკუთარ სასტუმროს კიდევ ერთ სართულს დააშენებს.
ოპოზიციის განცხადებით, მსგავს მშენებლობას ვერავინ გაბედავს, თუ ხელისუფლებისგან მწვანე შუქი არ აქვს.
,,ნაციონალური მოძრაობის"წევრი, ირაკლი ნადირაძე, ამბობს, რომ საჩუქარი ოლიგარქის ნათესავს კახი კალაძემ გაუკეთა და მშენებლობის ნებართვაც მისცა.
უჩა მამაცაშვილმა სთხოვა კახი კალაძეს, რომ კიდევ დამატებით რამდენიმე მილიონი დოლარი მინდა ვიშოვოო და ახლა კიდევ ერთი სართული დაამატეს, რაც კიდევ უფრო მეტად დაამახინჯებს ამ ისტორიულ გამზირს. ეს ნიშნავს იმას, რომ დიახაც რუსი ოლიგარქისთვის და მისი გარემოცვისთვის ყველაფერი შესაძლებელია და დიახაც, ისინი ურცხვად, თბილისელების ინტერესების დაზიანების ხარჯზე შოულობენ მილიონობით დოლარს“.- ამბობს ირაკლი ნადირაძე.
თბილისის მერი კი გვარწმუნებს, რომ ქალაქის ცენტრში მსგავსი ნებართვები არ გაიცემა.
საერთოდ არ ვიცი, ვის ეკუთვნის ეს პროექტი. საერთოდ არ მაინტერესებს, ვის მფლობელობაშია. ურბანული განვითარების თვალსაზრისით, თუ კონკრეულ პროექტთან დაკავშირებით მისაღებია ცვლილებები, მუნიციპალიტეტი ყოველთვის განახორციელებს ამას.
ჩვენ გვაქვს შემთხვევები, სადაც მაგალითად კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით პირიქით ხდება მოცულობების დაკლება იმისთვის, რომ იმ არსებულ ურბანულ ქსელში იმ ტიპის შენობა ნაგებობა მიუღებელია ქალაქის განვითარებისთვის და ა.შ. ეს ჩვეულებრივი ცოცხალი პროცესია“. - აცხადებს კახა კალაძე.
ოპოზიცია ამბობს, რომ ბრძანება უკვე ძალაშია შესული და მშენებლობაც, სავარაუდოდ, მალე დაიწყება.