ლოკოკინების ქარხნის გახსნის გარდა, ბოლო ორ კვირაში რა გააკეთეთ? - ანა ბუჩუკური ღარიბაშვილს
„მთელი თქვენი გამოსვლა, ბატონო ირაკლი, დაუთმეთ შედარებას ,,ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმთან“, - ასე მიმართა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ანა ბუჩუკურის თქმით, ეს იყო ანგარიში "ნაციონალური მოძრაობის" 10 წლის წინანდელი რეჟიმის შესახებ.
ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, რაც ჩვენ მოვისმინეთ ორივე მხარისგან, მაგრამ ყველაზე მძიმე იყო ის, რომ დღეს ჩვენ პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან მოვისმინეთ ანგარიში ,,ნაციონალური მოძრაობის" 10 წლის წინანდელი რეჟიმის შესახებ.
ეს არ იყო იმ ქვეყნის პრემიერ- მინისტრის ანგარიში, რომელიც დღე-დღეზე ელოდება შეფასებას და გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან. მთელი თქვენი გამოსვლა, ბატონო ირაკლი, დაუთმეთ შედარებას ,,ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმთან.
ბატონო ირაკლი, ევროკავშირი არ აფასებს ჩვენს ქვეყანას 10 წლის წინანდელ პროგრესთან, ეს არის თქვენი პერსონალური ტრაგედია, რომ ვერ გამოხვედით ამ 2012 წლის რეალობიდან", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ანა ბუჩუკური დაინტერესდა, რას აკეთებს მთავრობა ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის შემდეგ.
მისი თქმით, შემდეგ, ლოკოკინების ქარხნის გახსნის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას არაფერი გაუკეთებია.
ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის შემდეგ, ანუ ბოლო 2 კვირაში, გთხოვთ კონკრეტულად გვითხრათ, თქვენ და თქვენმა მთავრობამ რა გააკეთეთ, რა შეხვედრები გქონდათ და ვისთან, ვიცით რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლოკოკინების ქარხანა გახსნა. ლოკოკინების ქარხნის გახსნის გარდა, ბოლო 2 კვირაში რა გააკეთეთ, კონკრეტული პასუხი რომ გამცეთ", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.