მოთხოვნები უცვლელია - ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

17.04.21 17:30
მოთხოვნები უცვლელია - ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. მთავარი საკითხი დანიელსონის გეგმა იყო, რომელზეც ჯერჯერობით მხოლოდ მმართველი გუნდის ხელმოწერა არის. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და დოკუმენტს ხელს იმ შემთხვევაში მოაწერენ, თუ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების თარიღზე შედგება.

ჩვენი ნაბიჯია იგივე და იგივე: ახალი არჩევნების თარიღი და პლიტპატიმრები გარეთ, დანარჩენი რეფორმები ამას გააკეთებს პარლამენტში მოსული მრავალპარტიული ოპოზიციური კოალიცია," - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

ხელისუფლებას მოუწევს დათმობებზე წასვლა.დოკუმენტი სადაც ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე საუბარი არ არის რა დოკუმენტია?!," - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრის განსახილველი საკითხი რუსთაველზე დაგეგმილი 15 მაისის აქციაც იყო.

ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება მთავარ გამზირზე, გამოხატავს პროტესტს რომ ქვეყანაში აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება და ეს ცვლილება უნდა მოხდეს," - ამბობს მინაშვილი.

შეხვედრის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცია 19 აპრილს რიყეზე შეიკრიბება და საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს.