ოკუპაცია ვერ იქნება ნატოში გაწევრიანებისთვის დაბრკოლება - ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის კომენტარი
ოკუპაცია ვერ იქნება ნატო-ში გაწევრიანებისთვის დაბრკოლება - განცხადება თბილისში დღეს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვინიკოვმა, გააკეთა.
ეს მაშინ, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება შეუძლებელია. („მიამიტები არ ვართ და გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი“ - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა. - ავტ. ირაკლი ღარიბაშვილი).
ალექსანდრ ვინიკოვმა თქვა, რომ მთავარი პრობლემა არა ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ რეფორმების შეუსრულებლობაა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს შეუერთდეს, ორი საკითხის შესრულებაა აუცილებელი. პირველი - საქართველო უნდა შეესაბამებოდეს ნატო-ს მოთხოვნებს წევრობისთვის და მეორე - უნდა შედგეს კონსენსუსი მოკავშირეებს შორის, რომ მათ სურთ საქართველოს ალიანსში ხილვა.
NATO-ში გაწევრიანებისთვის ქვეყანა ორი რამისთვის უნდა იყოს მზად. პირველი, ქვეყანა უნდა იყოს მზად მოთხოვნების შესასრულებლად. ეს მოთხოვნები კი სცდება უსაფრთხოებას და თავდაცვას, რადგან ეს ეხება მთლიანად ქვეყნის ინტეგრაციას ალიანსში. მეორე ელემენტი არის ის, რომ ალიანსმა პოლიტიკური გადაწყვეტილება კონსესუსზე დაყრდნობით უნდა მიიღოს, რადგან ეს მოახდესნ გავლენას NATO-ს უსაფრთხოებაზე. საქართველომ უნდა გაატაროს ევროატლანტიკური რეფორმები. რეფორმები უნდა გატარდეს სასამართლოს და საარჩევნო სისტემაში. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რეფრომების ტემპი მცირდება, ჩვენ გვინდა, რომ ეს სიგნალი საქართველოს გავუგზავნოთ, რომ დააბრუნოს რეფორმების იმპულსი, - განაცხადა ალექსანდრ ვინიკოვმა.