იმედია, შეხვედრა ისე დამთავრდება, ხვალ მარტო არ ვიქნები პარლამენტში - მეგრელიშვილი

18.04.21 19:07
იმედია, შეხვედრა ისე დამთავრდება, ხვალ მარტო არ ვიქნები პარლამენტში - მეგრელიშვილი

"იმედი მაქვს, შეხვედრა ისე დამთავრდება, ხვალ მარტო არ ვიქნები პარლამენტში" - ეს განცხადება "გირჩის" ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ გააკეთა. მეგრელიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "გირჩი" ხვალ პარლამენტში მისვლას გეგმავს.

ძალიან მაინტერესებს, იქნება თუ არა დოკუმენტში რაიმე ცვლილება საერთოდ, იმ დოკუმენტში, რომელიც ბოლოს დატოვა დენიელსონმა. განცხადებები სხვადასხვა განცდას მიჩენს, სინამდვილეში ინფორმაცია არანაირი არ მაქვს, ჩვენ იცით, რომ გამოცხადებული მაინც გვქონდა ჩვენი გეგმის შესახებ, ხვალ ჩვენ მივდიოდით პარლამენტში და იმედი  მაქვს, შეხვედრა ისე დამთავრდება, ხვალ მარტო არ ვიქნები პარლამენტში - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, „გირჩი“ პარლამენტში შედის. თუმცა მათი განმარტებით, ისინი პარლამენტში მიდიან და არ შედიან.  მათი თქმით, ისარგებლებენ ყველა იმ ბერკეტით, რაც დეპუტატებს აქვს, თუმცა არ აიღებენ ხელფასს და არ დაესწრებიან სესიებს.