ვინ მოაწერს ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს - ოპოზიციაში აზრი გაიყო

19.04.21 11:37
ვინ მოაწერს ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს - ოპოზიციაში აზრი გაიყო

შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტზე ხელის მოსაწერად მხარეებს სულ ცოტა დრო რჩებათ. ახლა პარტიებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად მისაღებია მათთვის აღნიშნული დოკუმენტი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მორიგ შეთავაზებაზე ოპოზიციას განსხვავებული აზრი აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, მიიჩნევს, რომ დოკუმენტში პოლიპატიმრების და ვადამდელი არჩევნების პუნქტები  უფრო გამოკვეთილი უნდა ყოფილიყო. 

ჩვენ გვაქვს შეშფოთებები სწორედ იმ ორ პუნქტზე, ეს არის საპარლამენტო არჩევნების ჩაბმა თვითმმართველობის არჩევნებთან და ეს არის ნიკა მელიასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, რომელიც უფრო კონტურულად გამოკვეთილი უნდა იყოს. უპრიანი იქნება, რომ პოლიტსაბჭოზე რეალურად გაფორმდეს ის გადაწყვეტილება, რომელიც ექნება პარტიის უმრავლესობას, - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს აღნიშნულ დოკუმენტს „ევროპული საქართელოც“. ამის მიუხედავად, პარტის წევრი, ლაშა დამენია, ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა არასწორია. 

შარლ მიშელი ახალი დოკუმენტი არის აშკარა წინ გადადგმული ნაბიჯი, სადაც უკვე მკვეთრად ჩანს პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, სადაც არის მისასვლელი გზა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, თუმცა, „ევროპული საქართველო“ წინააღმდეგია ამის მიბმის თვითმმართველობის არჩევნებზე, რადგან თითმმართველობის არჩევნები ფუნდამენტურად განსხვავდება საპარლამენტო არჩევნებისგან და ერთადერთი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან არის მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ან მაქსიმუმ პლებისციტი, - აცხადებს დამენია. 

ამავე აზრს ემხრობა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, გიორგი გუგავაც. 

თუ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნა და შესაბამისად პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდნენ, ნურავის ნუ ექნება ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ოლიგარქი, რომელიც წლები აკეთებდა იმას, რომ ხელში ჩაეგდო ეს ქვეყანა, დაიწყებს ახლა დემოკრატიულ რეფორმებს, - ამბობს გუგავა.

შარლ მიშელის დოკუმენტი მისაღები აღმოჩნდა  „ლელოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“.  ,,სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის, თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციისთვის ეს შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდება, ისინი დოკუმენტს ხელს მაინც მოაწერენ. 

უნდა ვისარგებლოთ შექმნილი შესაძლებლობით ფანჯარის, რომელიც საერთო ბრძოლით მოვიპოვეთ და გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და შესაბამისად, დასაშვებად მიგვაჩნია შემოთავაზებულ ვარიანტზე ხელის მოწერა.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა, ჩვენ შევეცდებით, დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები ჩვენი მოტივაციის სისწორეში, მაგრამ თუ ეს ვერ მოხდება, ეს ვერ გახდება დამაბრკოლებელი გარემოება იმისთის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი დამოუკიდებელი გზა ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

,,პრინციპულად მისაღებს" უწოდებს  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს „ლელოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია. 

ჩვენთვის ეს ხელშეკრულობა პრინციპულად მისაღებია, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია პროცესი, რომელიც ამ წამს იწყება, იმისათვის, რომ ამ დოკუმენტში მოცემული სწორი მიმართულებები იქნას სწორად ჩაშლილი და ეფექტურად განხორციელებული, - ამბობს გრიგოლ გეგელია. 
 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში საუბარია ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. დოკუმენტში წერია, რომ  საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. დოკუმენტის პირველი პუნქტი პოლიპატიმრების გათავისუფლების საკითხს ეხება. დოკუმენტში საუბარია ამნისტიის კანონზე, რომლის ინიცირებაც პარლამენტმა უნდა მოახდინოს. 

მსგავსი სიახლეები