მიუღებელი და არაკორექტული საქციელი - დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებში
პოლიტიკური დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებში - პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერამ ცალკეულ პარტიებში ბევრი კითხვა გააჩინა. „ევროპულ საქართველოში“ დავით ბაქრაძის ქმედება მიუღებლად მიაჩნიათ. პარტიის ლიდერი, გიგა ბოკერია, ბაქრაძის გადაწყვეტილებას არაკორექტულს უწოდებს.
ორმაგად არაკორექტული საქციელია ბატონი ბაქრაძისგან. ძალიან ვწუხვარ. არაკორექტული რბილი სიტყვაა ამ შემთხვევაში, - ამბობს ბოკერია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა განხეთქილების მიზეზი გახდა „სტრატეგია აღმაშენებელშიც“. ბლოკის ყოფილი წევრი, თაკო ჩარკვიანი, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მან „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა.
მე გული მწყდება, რომ ჩემი გიორგი ვაშაძე, რომლზეც ძალიან დიდი იმედებს ვამყარებდი, დღეს აღმოჩნდა ვახო მეგრელიშვილის და ალეკო ელისაშვილის გვერდით იმ დოკუმენტზე ხელისმომწერი, რომელიც იმ სარჩევნო სისტემის, რომელზეც მე და გიორგის ათასგზის გვისაუბრია ტექნოლოგიებით და ციფრული ტექნოლოგიებით, ეს ის დოკუმენტი არ არის. ასე რომ, ჩემგან ნუ ეწყინება. მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილი გვერდით დგომა აირჩია. ეს უკვე მისი პრობლემაა, - განაცხადა ჩარკვიანმა.
პარტიები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ. ისინი მოქალაქეებთან აქტიურ შეხვედრებს და პრობლემურ საკითხებზე ხმამაღლა საუბარს გეგმავენ.