ახალი საზღვაო დერეფანი რუსეთთან - ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ,,ოცნება" კრემლს სანქციებისგან თავის დაღწევაში ეხმარება
რა მიზნებს ემსახურება ახალი საზღვაო დერეფანი რუსეთ-საქართველოს შორის? - ხელისუფლების დუმილი და ოფიციალური ინფორმაციის სიმცირე ოპოზიციას უღრმავებს ეჭვს, რომ საქართველოს მთავრობა კრემლს სანქციებისგან თავის დაღწევაში ეხმარება.
აქ არის დიდი კითხვის ნიშანი. ერთი ის, რომ ხელისუფლება მალავს და ამას საზოგადოება იგებს სხვა ქვეყნისგან, მესამე მხარისგან, ანუ სომხეთის ოფიციალური სტრუქტურებისგან.
თუ არაფერი გაქვს დასამალი, რატომ მალავ? მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ მივეჩვიეთ აი ასეთ არაფორმალურ, დამალულ მმართველობას, დაფარულ გადაწყვეტილებებს ივანიშვილის ხელში.
მეორე- ეს არის ძალიან დიდი საფრთხე. ხომ არ მოხდება აქ ტვირთების გატარება, შემოტანა ისეთი ტვირთების, რომელიც სანქცირებულია - აცხადებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგი ჩიხლაძე.
ოფიციალური ერევანი ადასტურებს, რომ საქართველოდან, უფრო ზუსტად კი ფოთიდან, ახალ საბორნე ტერმინალს უახლოეს დღეებში გახსნიან, სომხეთი ფოთის გავლით რუსეთში მიმავალ ტვირთებს გადაიტანს და პირიქით რუსეთიდან სანქცირებული ტვირთი საქართველოში შემოვა.
აქამდე საქართველოს ხელისუფლება დუმდა, სომხეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადების შემდეგ კი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო იძულებული გახდა, ინფორმაცია ოფიციალურად დაედასტურებინა, თუმცა არ ამბობენ თარიღებს და პირობებს.
გუშინ საღამომდე ,,ქართული ოცნების" ლიდერები უარყოფდნენ, რომ რუსეთს საქართველო სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება და ამაში სახმელეთოს შემდეგ საზღვაო გზასაც სთავაზობს.
სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ამიტომ ფორსმაჟორის შემთხვევაში ერთადერთ ვარიანტი ტვირთის ზღვით საქართველოში შემოტანაა. ამას ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო კონვენციაც ავალდებულებს.