გომელაურმა გადმომცა, რომ წითელი ხაზები გადავკვეთე - მოპოვებულია სოსო გოგაშვილის ჩვენება

15.08.22 14:39
გომელაურმა გადმომცა, რომ წითელი ხაზები გადავკვეთე - მოპოვებულია სოსო გოგაშვილის ჩვენება

გომელაურმა გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, რომ წითელი ხაზები გადავკვეთე -  მოპოვებულია სოსო გოგაშვილის ჩვენება, რომელიც მან რუსთავის ციხეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს მისცა.

ჩვენებიდან ირკვევა, რომ შს მინისტრმა  პატიმარს გაუმხილა, რომ მისი დევნა, მუქარა და შანტაჟი ოლიგარქის დავალებით ხდება. ამის მიზეზი კი სოსო გოგაშვილის აქტიურობა გახდა. 

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი ჩვენებაში მომხდარს დეტალურად აღწერს.

N 12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩემი შემოსვლისთანავე მე განმიმარტეს, რომ მქონდა უფლება კვირაში ორჯერ- ხუთშაბათს და კვირას დღეებში 9:30 დან 18.30 საათების შუალედში მესარგებლა საშხაპით. ბუნებრივია, მე ვსარგებლობდი აღნიშნული უფლებით კანონით დადგენილი წესით, რისთვისაც მე მჭირდება დაახლოებით 15 წუთი. მიმდინარე წლის 28 ივლისს , ხუთშაბათ დღეს დაახლოებით 14 საათის შემდეგ, საკნის კარი გააღო ბადრაგმა და მითხრა, რომ შემეძლო მესარგებლა საშხაპით. მე ავიღე ჩემი ნივთები და გავემართე საშხაპისკენ, რომელიც მდებარეობს ჩემი საკნის მოპირდაპირე მხარეს, მარჯვნივ, დაახლოებით 5 მეტრში, 312 საკნის მოპირდაპირედ. იმ წერტილს აკონტროლებს დერეფანში განთავსებული შვიდი სამეთვალყურეო კამერა. დამატებით 2 კამერა განთავსებულია უშუალოდ ჩემს საკანში. საშხაპის კარები იყო ღია და კართან დამხვდა დაწესებულების დირექტორი ზურა მოდებაძე. მან ხელი ჩამომართვა, მომესალმა, ახლოს მოიწია და დაბალ ხმაზე მითრა : არ აღელდე, მშვიდად იყავი, საშხაპეში დევს ტელეფონი, რომ შეხვალ და რეკავს და უპასუხე. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ბუნებრივია, ავღელდი, რაც მოდებაძემ შემატყო და მთხოვა, რომ არ მეყვირა და ტელეფონი არ დამემტვრია. ორივე შევედით საშხაპეში, მან მაჩვენა ტელეფონი რომელიც იდო ფანჯრის ე.წ რაფაზე. თვითონ გავიდა შეტყობინების გასაგზავნად გასახდელში და მე დავრჩი საშხაპეში. ცოტა ხნის შემდეგ დარეკა ტელეფონმა და დამელაპარაკა ვახტანგ გომელაური. ჩვენს შორის შედგა ხმამაღალი და დაძაბული საუბარი, მან გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები, თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ, იმას თუ არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომწყვეტავდნენ. ვ. გომელაურმა განმიმარტა, რომ ის ყველაფერი რაც 16 ივლისიდან ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელდა, იყო შედეგი ჩემი მედიით და სოც. ქსელებით აქტივობისა ოცნების წინააღმდეგ და ასევე ჩემი ურთიერთობისა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აშშ-ს საელჩოსთან და ევროკავშირის მისიასთან. მან მითხრა, რომ რატო არ მიჩნდება კითხვა, თუ რატო არ შეუვარდნენ და არ ჩაუდეს კვირიკაშვილს და გახარიას. მე უნდა მივმხვდარიყავი, რომ ეს ყველაფერი ჩემი საქციელის გამო გამიკეთეს. საუბარი გაგრძელდა მინიმუმ 30 წუთი, რადგან ტელეფონი გაითიშა და ვ. გომელმაურმა თავიდან გადმნორეკა. საუბრის ბოლოს მან მითხრა, რომ ხვალ კიდევ დამირეკავდა. ხოლო იქამდე მეფიქრა მოსალოდნელ შედეგებზე და ისე მიმეღო გადაწყვეტილება. დავამთავრეთ საუბარი,- წერს გოგაშვილი ჩვენებაში.

სოსო გოგაშვილის ჩვენებიდან ასევე, ირკვევა, რომ შს მინისტრმა მას ყველანაირი აქტივობის შეწყვეტა და მათთვის სასურველი ჩვენებების მიცემა  მოსთხოვა. 

მეორე დღეს, პარასკევს, 29 ივლისს , მე აღარ მიწევდა გრაფიკით საშხაპეში გასვლა მაგრამ დაახლოებით 15 საათზე ჩემი საკნის (ნ 306) კარი გააღო ზურა მოდებაძემ და მითხრა, რომ საშხაპეში გავყოლოდი. დერეფანში ბადრაგი , როგორც მახსოვს, აღარ იყო. ჩვენ ორივე შევედით საშხაპეში, როგორც წინა შემთხვევაში. ზურა მოდებაძე დარჩა საშხაპეში, ხოლო მე ავიღე ტელეფონი. ცოტახანში ტელეფონზე დამირეკა ვახტანგ გომელაურმა და მითხრა, თუ რა გადავწყვიტე. ასევე დამისახელა მათი პირობები. უნდა გამეჩერებინა ყველანაირი აქტივობა ჩემი და ჩემი ოჯახის მხრიდან, უნდა მიმეცა მათთვის სასურველი ჩვენებები აფგან მუხთარლისა და არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით. ჩემი მხრიდან უარის შემთვევაში, კიდევ ერთელ გამაფრთხილა მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე. მე ვუთხარი, რომ ამ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებთან გასაუბრების გარეშე ვერ მივიღებდი, რაზეც მან მითხრა, რომ ხვალვე შემახვედრებდა ოჯახის წევრებს და დაველაპარაკებოდი მათ. ამით დასრულდა მეორე საუბარი ჩემსა და ვახტანგ გომელაურს შორის. მე გამოვედი გასახდელში, ტელეფონი გადავეცი მოდებაძეს, რადგან საშხაპეში იყო აუტანელი სიცხე , თან ნერვიულობისგან ვიყავი სველი. ზურამ შემომთავაზა მიმეღო შხაპი, რაც დავთანხმდი, საკნიდან ავიღე ჩემი ნივთები და შევედი საშხაპეში, - აღნიშნა გოგაშვილმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები