გომელაურმა მთხოვა, მიმეცა მათთვის სასურველი ჩვენება მუხთარლისა და არჩევნების გაყალბების საქმეზე - სოსო გოგაშვილი
გომელაურმა დამისახელა პირობები: უნდა გამეჩერებინა ყველანაირი აქტივობა, ასევე მიმეცა მათთვის სასურველი ჩვენებები აფგან მუხთარლისა და არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით. - ,,ტვ პირველმა" სოსო გოგაშვილის ჩვენების მოპოვება შეძლო, რომელიც სუი-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა დღეს ციხეში გამოძიებას მისცა.
ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ შს მინისტრმა გოგაშვილს გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით მის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შეცვლა სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაციით დაემუქრა.
მეორე დღეს, პარასკევს, 29 ივლისს , მე აღარ მიწევდა გრაფიკით საშხაპეში გასვლა მაგრამ დაახლოებით 15 საათზე ჩემი საკნის (ნ 306) კარი გააღო ზურა მოდებაძემ და მითხრა, რომ საშხაპეში გავყოლოდი. დერეფანში ბადრაგი , როგორც მახსოვს, აღარ იყო.
ჩვენ ორივე შევედით საშხაპეში, როგორც წინა შემთხვევაში. ზურა მოდებაძე დაჩა საშხაპეში, ხოლო მე ავიღე ტელეფონი. ცოტა ხანში ტელეფონზე დამირეკა ვახტანგ გომელაურმა და მითხრა, თუ რა გადავწყვიტე. ასევე დამისახელა მათი პირობები. უნდა გამეჩერებინა ყველანაირი აქტივობა ჩემი და ჩემი ოჯახის მხრიდან, უნდა მიმეცა მათთვის სასურველი ჩვენებები აფგან მუხთარლისა და არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით. ჩემი მხრიდან უარის შემთვევაში, კიდევ ერთელ გამაფრთხილა მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე.
მე ვუთხარი, რომ ამ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებთან გასაუბრების გარეშე ვერ მივიღებდი, რაზეც მან მითხრა, რომ ხვალვე შემახვედრებდა ოჯახის წევრებს და დაველაპარაკებოდი მათ. ამით დასრულდა მეორე საუბარი ჩემსა და ვახტანგ გომელაურს შორის - წერს ჩვენებაში სოსო გოგაშვილი
სოსო გოგაშვილთან დღეს რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი შევიდა, რომელსაც ბრალდებულს ცოტა ხნის წინ გავრცელებული სკანდალური ინფორმაციის შესახებ ჩვენება ჩამოართვა.